შრომის უსაფრთხოებას დიდ ყურადღებას უნდა უთმობდნენ როგორც დამსაქმებლები, ასევე დასაქმებულები, რადგან ხშირ შემთხვევაში იგი ადამიანების სიცოცხლეს ეხება.
ეიჩესი ჯგუფი გიზიარებთ 10 რჩევას შრომის უსაფრთხოებაზე.
- ორგანული კანონი შრომის უსაფრთხოებაზე თანაბრად მნიშნველოვანია დამსაქმებლებისთვის და დასაქმებულებისთვისაც. კანონი განსაზღვრავს ძირითად პრინციპებს, რომლებიც სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. მასში საუბარია არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებზე, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებაზე, დასაქმებულთა სავალდებულო სწავლებებზე და მათთვის ინფორმაციის მიწოდებაზე. გარდა ამისა, კანონი არეგულირებს სამუშაო სივრცეში მყოფთა უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, რაც უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას უკავშირდება.
- ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა რისკების შეფასებით იწყება. ეს ის პირველი ნაბიჯია, რომლითაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები მუშაობას იწყებენ.იმისათვის, რომ რისკი სწორად შეფასდეს ზუსტად უნდა გვესმოდეს, რა არის საფრთხე. რისკს ორი მახასიათებელი გააჩნია: ალბათობა და შედეგების სიმძიმე.როდესაც მაღალია რისკის ალბათობა, შესაბამისად მეტია შანსი ფაქტის დადგომის. ამიტომ, რისკების შეფასებას პროფილაქტიკური ხასიათი უნდა ჰქონდეს და იგი მუდმივობით უნდა ხასიათდებოდეს.
- საფრთხე არის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია ტრავმა ან ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს. საფრთხის შედეგად დამდგარი შედეგები მძიმე, საშუალო და დაბალი სიმძიმის მიხედვით განსხვავდება. ამას როგორც ადგილობრივი კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო სტანდარტები არეგულირებს. საფრთხეები პოტენციურად შეიძლება ყველგან იყოს. შრომის უსაფრთხოების პირველი ამოცანა საფრთხეების განსაზღვრა და მათი თავიდან აცილებაა, მათ შორის ისეთ სამუშაოებზე, სადაც საფრთხეებს ნაკლებად მოველით.
- ხანძარი დიდ ზარალს აყენებს ადამიანების სიცოცხლესა თუ მატერიალურ ფასეულობას, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია. ამისათვის თითოეულმა თანამშრომელმა კარგად უნდა იცოდეს წვის თეორია, ცეცხლის გავრცელების მეთოდები და რეალური საფრთხის ჯეროვნად შეფასება. სავალდებულო სწავლებები სახანძრო უსაფრთხოებაზე მოიცავს ამ და სხვა ინფორმაციასაც: როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ხანძარი და თუ ვერ მოხერხდა მისი არიდება, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ხანძარს სერიოზულად უნდა აღიქვამდეს ყველა, რადგან მასთან გამკლავება ადვილი არ არის. ამას ადასტურებს გავრცელებული სტატისტიკებიც ფატალურ შემთხვევებზე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ნებისმიერი ტიპის დაწესებულების დასაქმებული უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ერთ დღეს შეიძლება ცეცხლთან გამკლავება მოუწიოს. მომზადება კი უნდა გამოიხატოს როგორც სამუშაო სივრცის შესაბამისი ხელსაწყოებით აღჭურვაში, ისე თანამშრომლების გადამზადებაში.
- საწარმოო ტრავმები ხშირად ელექტროენერგიას უკავშირდება. დენი არაერთ შემთხვევაში ხდება ფატალური შემთხვევების მიზეზიც. 1 000 ვოლტამდე ძაბვის შემცველი ტრავმები შედარებით დაბალი ხარისხისაა. იმ შემთხვევაში, თუ ძაბვის შემცველობა 1 000 ვოლტს აღემატება, ტრავმა გაცილებით რთულ ფორმას იღებს. როგორც წესი, მაღალი ძაბვის მოწყობილობები აღნიშნულია მაფრთხილ ებელი ნიშნებით, მოერიდეთ მათ და აირიდეთ თავიდან ელექტრული ტრავმები.
- თავის, თვალებისა და სახის, რესპირატორული გზების, ხელებისა და სხეულის სხვა ნაწილების დასაცავად აუცილებელია პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება სამუშაო ადგილზე. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალური დაცვის საშუალებები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თითოეული დასაქმებულისთვის.
- შრომის უსაფრთხოების ამოცანაა პრევენციული ღონისძიებებით იზრუნოს საგანგებო სიტუაციების თავიდან არიდებაზე. თუმცა, სამწუხაროდ, საფრთხეების თავიდან არიდება ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ორგანიზაციები, რომლებიც ამისთვის წინასწარ არიან მზად, მსგავს სიტუაციებს მარტივად უმკლავდებიან. ყველა ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება, შექმნას საკუთარ სამსახურში საგანგებო სიტუაციების მართვის პროტოკოლი.ყველა დამსაქმებულმა კი უნდა იცოდეს, რომ არ აჰყვეს პანიკას. საგანგებო სიტუაციის დროს, სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ სიტუაცია პანიკამ მოიცვა, გამოსავლის მოძებნა რთულდება.
- როდესაც საქმე შენობიდან ევაკუაციას ეხება, თითოეულ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გასასვლელებთან დასაწყობებული ნებისმიერი ნივთი შეაფერხებს ევაკუაციის პროცესს.
- ერთი შეხედვით, კომპიუტერთან ჯდომა დიდ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ როგორც კი ის ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი ხდება მას შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენოს.სხეულის მდებარეობა და მოძრაობა (ჯდომა, დგომა) გარემო ფაქტორები (ხმაური, განათება, ტემპერატურა, ჰაერის ტენიანობა) – ეს ის ფაქტორებია, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია საოფისე საქმიანობისას.ამ ფაქტორების გათვალისწინება ოფისში დასაქმებულებს ეხმარება დღის განმავლობაში უკეთ იგრძნოს თავი, გაიუმჯობესონ სისხლის მიმოქცევა, თავიდან აირიდონ კისრისა და წელის ტკივილი და გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნონ ჯანმრთელობა.
- ხანძრის თავიდან არიდებაში ცეცხლის წვის თეორიის ცოდნა დაგვეხმარება. იმისათვის, რომ ცეცხლი გაჩნდეს სამი კომპონენტია საჭირო: საწვავი მასალა, ტემპერატურა და ჟანგბადი. სწორედ ეს კომპონენტები ქმნიან ცეცხლოვან სამკუთხედს, რომელიც წვის თეორიას უდევს საფუძვლად. სწორედ ამიტომ, ხანძრის შემთხვევაში ფანჯრების გახსნის ნაცვლად მისი დაკეტვა ხელს შეუწყობს ცეცხლის ჩაქრობას. ხანძრის დროს ფიზიკურ და ქიმიურ საშიშროებასთან ერთად, წარმოიშობა ფსიქოლოგიური საშიშროებაც. ხანძრის დროს ადამიანი განიცდის დიდ სტრესს, ამიტომ მნიშნველოვანია დროული ევაკუაციისთვის არ ავყვეთ პანიკას.