შრომის უსაფრთხოების რევოლუცია

ადამიანის ცხოვრებაში დღეს სამსახურს ცენტრალური ნაწილი უკავია და იგი პიროვნების განმსაზღვრელ ნაწილად არის ქცეული, სადაც მუშაობ ტოლფასია იმის, თუ ვინ ხარ შენ.

ეს პროცესი ინდუსტრიული რევოლუციიდან იწყება.  პირველი ქარხნების გაჩენისთანავე მოსახლეობამ უარი თქვა მიწის დამუშავებაზე და საწარმოებში დასაქმება მოისურვა. ასე გადაინაცვლეს დიდი ბრიტანეთის, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მოქალაქეებმა პროვინციებიდან დიდ ქალაქებში. 1750-იანი წლებიდან დაიწყო რბოლა სამუშაო ინდუსტრიაში. სამუშაო ადგილებზე დიდი იყო მოთხოვნა, რამაც გამოიწვია იაფი მუშახელის გაჩენა, ბავშვთა შრომა და არაკონტროლირებადი, დიდი საფრთხის  შემცველი გარემო სამუშაო ადგილებზე. ბუნებრივია, შრომის უსაფრთხოებაზე პროტესტმაც არ დააყოვნა. სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავეთა გაერთიანებები ითხოვდნენ შრომის უკეთეს და, რაც მთავარია, დაცულ პირობებს.    თავდაპირველად მოთხოვნა ეხებოდა სამუშაო დროის შემცირებას 14 საათიდან 10 საათამდე. გაჩნდა ტერმინი შრომის უსაფრთხოება და ჩამოყალიბდა მოძრაობები პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით. მათგან ყველაზე ცნობილი დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბებული 10-საათიანი მოძრაობაა (Ten Hours Movement) რომლის დიდი ძალისხმევის შედეგად სამუშაო საათები შემცირდა და ქარხნებში ბავშვთა და ქალთა შრომის პირობები შეიცვალა.

კაპიტალიზმთან ერთად ვითარდებოდა შრომის უსაფრთხოებაც და ინდუსტრიული რევოლუციიდან დღემდე დიდი, საინტერესო გზა განვლო. იმისათვის, რომ ვიცოდეთ სად მივდივართ, აუცილებელია გვახსოვდეს, საიდან მოვდივართ.

ორთქლზე მომუშავე ძრავის შექმნამ გადატრიალება მოახდინა. თუ საუკუნეების განმავლობაში ფერმერს ფიზიკური შრომა უწევდა სოფლის მეურნეობაში, მე-18 საუკუნის ბოლოდან ადამიანის ძალის ჩანაცვლება და შესაბამისად სფეროს გაუმჯობესება მანქანა-დანადგარებმა შეძლო. გაიზარდა ადამიანის, როგორც მეწარმის პროდუქტიულობა და ეკონომიკური მდგომარეობა.

თუმცა ეკონომიკური წარმატების მიღმა არაადამიანური შრომა იმალება. არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ორიოდე საუკუნის წინ აზიდულმა შენობებმა და აგუგუნებულმა ქარხნებმა. არცთუ დიდი ხანია, წარსულში დარჩა ბავშვთა მძიმე ფიზიკური შრომა. ზოგიერთი ბავშვი მუშაობას 4 წლის ასაკიდან იწყებდა, ხოლო მათი სამუშაო დღე 12 საათსაც გრძელდებოდა. ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვისაც არ არის უცხო; 2016 წლის მონაცემებით 24000 ბავშვისთვის ბავშვობა ნაადრევად დასრულდა საქართველოში.

1700-იანი წლებიდან დღემდე სამუშაოს დროს გარდაცვლილთა რიცხვი საკმაოდ დიდია. სტატისტიკას უჭირს იმ შემთხვევების აღრიცხვა, რომლებმაც მავნე ნივთირებების გავლენით გრძელვადიან პერსპექტივაში პროფესიული დაავადებები გამოიწვია და საბოლოოდ ფატალური შედეგებით დასრულდა. ფაქტია, რომ ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში  დასაქმებულთა სიცოცხლისუნარიანობა საგრძნობლად დაბალი იყო. საშუალოდ 25 წლის ასაკში ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები ქარხებში მომუშავე ადამიანების გარდაცვალების მიზეზი ხდებოდა.  ამიტომ 1842-1878 წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ეტაპობრივად, 56 საათამდე შემცირდა სამუშაო დრო ,თუმცა – მხოლოდ ბავშვებისა და ქალებისთვის. 1880 წელს კი ვხვდებით პრეცედენტს, როდესაც სამუშაო ადგილზე მიღებული ზიანის გამო დაზარალებულის ოჯახის წევრებისთვის კომპენსაციას იხდის დამსაქმებელი. შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გატარებული რეფორმები ეტაპობრივად შეეხო ყველა სფეროს, მათ შორის სოფლის მეურნეობასაც, როდესაც დასაქმებულებს ზიანი შხამქიმიკატებისა და მძიმე ტექნიკის გაუმართაობისგან ადგებოდათ. თანდათან გაიზარდა სამუშაო ასაკი, რომელსაც უკვე კანონი არეგულირებდა და გამოჩნდნენ პირველი ინსპექტორებიც, რომლებიც კურირებდნენ შრომის უსაფრთხოებას.  ეს პროცესი საკმაოდ დიდ პერიოდს მოიცავს –  სფეროს გაუმჯობესებას  საუკუნეზე მეტი დასჭირდა.

შრომის უსაფრთხოების პირველი აქტი, რომელიც დაარეგულირებდა სამუშაო ადგილზე ნებისმიერი სახის საფრთხეებს, ხმაურისგან თუ ქიმიური ნივთირებებისგან  გამოწვეულ ზიანს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიდო. კანონის მიღებიდან 2000-იან წლებამდე 73%-ით შემცირდა გარდაცვალების ფაქტები სამუშაო ადგილებზე დიდ ბრიტანეთში და 70%-ით იკლო დაზიანებების რაოდენობამ.

დადებით ცვლილებებში დიდი წვლილი მიუძღვის სხვადასხვა კონტინენტზე პარალელურად ჩამოყალიბებულ პროფესიულ კავშირებს. 8 საათიანი სამუშაოს მოთხოვნა მრავალჯერ და მრავალ ქვეყანაში სცადა მუშათა კლასმა, თუმცა მათგან აღსანიშნავია ჩიკაგოს გაფიცვა 1886 წლის 1-ელ მაისს. აქედან იღებს სათავეს მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, რომელიც ოფიციალურად 1890 წლის პირველი მაისიდან აღინიშნება. საყოველთაო აღნიშნვნას საქართველოც შეუერთდა 90-იანი წლების ბოლოდან.

დღევანდელ მდგომარეობას თუ წარსულ გამოცდილებას შევადარებთ, განსხვავება აშკარაა და იგრძნობა პროგრესი სამუშაო ბაზარზე. მაგრამ კვლავაც რჩება საკითხები, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს. ამის დასტური საწარმოო შემთხვევების ყოველწლიური სტატისტიკაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გამკაცრებული წესებისა და პირობების მიუხედავად ისევ ვხვდებით ფაქტებს საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოზე. დასაქმებულები დღესაც რისკავენ სიცოცხლით და დაზიანებების მიღება სამუშაო ობიექტზე კვლავ ყოველდღიურობას წარმოადგენს.

მაშინ, როდესაც სამსახური ჩვენი ცხოვრების ძირითად ნაწილს იკავებს, თითოეული დასაქმებულის უფლებაა იმუშაოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში. დღეს ტექნოლოგიური რევოლუციის ზღვარზე ვდგავართ და მაინც, სამსახური და კარიერა ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს. 200 წლის შემდეგაც შრომის კულტურა არ ნელდება. გაიზარდა ქარხნების რაოდენობა, გაფართოვდა წარმოების არეალი და შეიქმნა მრავალი ახალი პროფილის კომპანია. კონკურენცია კვლავ დიდია, როგორც დასაქმებულებს ასევე დამსაქმებლებს შორის.  თუმცა ლიდერობენ ის კომპანიები, სადაც შრომის უსაფრთხოება უპირველესია.

TOP